აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
„აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება „ქართული ოცნების“ პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას.
დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოაგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს“, – აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს […] მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის, განახორციელოს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.