“სურსათის უვნებლობის მიმართულებით უპირველეს გამოწვევად ჰიგიენური პრობლემები რჩება” – FAO-ს წარმომადგენლის რეკომენდაციები სურსათისმიერი დაავადებების თავიდან ასაცილებლად

“გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით უპირველეს გამოწვევად ჰიგიენური პრობლემები რჩება. მისი თქმით, სურსათისმიერი ძირითადი დაავადებები პირველად წარმოებას არ უკავშირდება და შემდეგ დაბინძურებითაა გამოწვეული.

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა.

“სურსათის უვნებლობა საკმაოდ რთული თემაა, ვრცელი ჯაჭვია, თუმცა ხშირად ასახსნელად უფრო მარტივ მეთოდებს იყენებენ. 5 გასაღებია. თითქოს , ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩვენი ცოდნა ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. პირველი წესი ხელების დაბანაა, უშუალოდ პროდუქტის მომზადების წინ, ასევე იმ გარემოს მომზადება, სადაც ოჯახში, წარმოებაში სურსათს ვამზადებთ. გარემო აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. უმი და მომზადებული პროდუქცია ერთმანეთისგან ცალ-ცალკე უნდა იყოს. შესაძლოა, უმ პროდუქციას, წვენს გარკვეულ რისკები ახლდეს, რომელიც უკვე მომზადებულ პროდუქციას დააბინძურებს.
შემდეგ წესი: მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პიკნიკების დროს, პროდუქტის შესაბამის ტემპერატურაზე მომზადება. ძალიან გვიყვარს ცვრიანი მწვადი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც შეიძლება, კარგად უნდა მოვამზადოთ. პირველ რიგში, ხორცი იქ უნდა ვიყიდოთ, სადაც უნდა იყიდებოდეს , შესაბამის პირობებში, ტემპერატურული რეჟიმი დაცული უნდა იყოს, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს. 70 გრადუსს მაინც უნდა აღწევდეს შიგთავსის ტემპერატურა, სურსათი უვნებლად რომ ჩაითვალოს, მოხარშული პროდუქციის დროს უფრო დაცული ხარ. პროდუქცია გარეთ არ უნდა შეიძინოთ, განსაკუთრებით ამ სიცხის პერიოდში. ეს გარკვეულწილად ხილსაც ეხება. ხილი ნაკლები რისკის მატარებელია, მაგრამ სასურველია, გამოყენებამდე აუცილებლად გავრეცხოთ.
ტემპერატურული რეჟიმი გადამწყვეტია. ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე, 30 გრადუსამდე ძალიან სწრაფად მრავლდებიან. სასურველია, პროდუქტი მაცივარში შევინახოთ, რათა ბაქტერიების გამრავლება შევამციროთ.
ასევე მნიშვნელოვანია წყლის და იმ პროდუქტების შეძენა, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, რომ უვნებელია. წყალი აუცილებლად დასალევი უნდა იყოს.

დედამიწაზე 500 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად მსგავსი შეცდომების გამო გამოწვეული დაავადებებისგან ავადდება. ამ წესების დაცვის შემთხვევაში რისკები გაცილებით დაბალი იქნება.
ამ მიმართულებით ტენდენცია მაინც უფრო დადებითისკენ მიდის. სახელმწიფო კონტროლი გამკაცრდა. გარკვეულწილად, ხალხიც უფრო ინფორმირებულია. ადრე თუ ეტიკეტს ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა უფრო მეტად აქცევენ. ხორციც კი შეგიძლიათ, QR კოდით შეამოწმოთ. ეს ყველა მაღაზიას არ აქვს, მაგრამ ბევრგან არის, QR კოდზე დანათებით იმასაც ნახავთ, პირუტყვი რომელ რეგიონშია გაზრდილი. ზაფხულის სეზონზე, როგორც სტატისტიკა გვეუბნება, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში ,პრობლემა პრობლემად რჩება. ძირითადი დაავადებები (სურსათისმიერი) , რომელიც აღმოჩენილია, არ უკავშირდება პირველად წარმოებას, ესაა შემდეგ დაბინძურებით გამოწვეული. რჩება უპირველეს გამოწვევად სწორედ ჰიგიენური პრობლემები. ყველაზე ხშირად, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ოჯახში დაშვებული შეცდომაა, მაგალითად, სტუმრები გვაქვს, სადღაც შუადღეს პიკნიკი დავიწყეთ და საღამომდე იგივე საჭმელი დავტოვეთ, შემდეგ ვამბობთ, რომ მაიონეზი, ხორცი უვარგისი იყო. უკეთესია, სუფრასთან მცირე ულუფებით მივიტანოთ, ვიდრე ერთად და დიდ ხანს იდოს” – განაცხადა სოხაძემ.

სოხაძე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა, რომელიც ხვალ, 7 ივნისს აღინიშნება.

“მსგავსი დღეების მნიშვნელობა არის ის, რომ ყოველდღიური ცხოვრებიდან, პრობლემებიდან ყურადღება ერთ კონკრეტულ საკითხზე გადავიტანოთ. სურსათის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და წელს გზავნილიც ასეთი გახვალთ – “სურსათს უვნებლობა ყველას საქმეა”, ანუ ნებისმიერი ჩვენგანის, ხშირად ხდება ხოლმე, რომ საკუთარი გაუფრთხილებლობით ზოგჯერ საკუთარ ჯანმრთელობას ვიზიანებთ. ნებისმიერ რგოლში, რასაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვი გულისხმობს, მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია. ყველზე დიდი მნიშვნელობა თავად მომხმარებლებს აქვთ. შეუძლებელია, სახელმწიფომ სრული, მუდმივი, 24-საათიანი კონტროლი განახორციელოს, აუცილებელია ამ პროცესში მონაწილეობა თავად მოსახლეობამაც მიიღოს. ეს ძალიან მარტივად შეიძლება, მაგალითად, თუ რაღაც პროდუქტს ვიპოვით, რომელიც ვადაგასულია, პირველ რიგში, საჭიროა, ამის შესახებ თავად მაღაზიის, ობიექტის მეპატრონეს შევატყობინოთ, თუ ამას რეაგირება არ მოჰყვა, ცხელ ხაზზე დავრეკოთ. “სურსათის ეროვნული სააგენტო” ვალდებულია, შესაბამისი რეაგირება რაც შეიძლება, სწრაფად მოახდინოს” – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

 

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები