უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორების გაგზავნასთან დაკავშირებით კიევსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორების გაგზავნასთან დაკავშირებით კიევსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ფრანგი ინსტრუქტორები რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან.
„არ აქვს მნიშვნელობა, ისინი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან, თუ უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები – ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, – განაცხადა მან მედიასთან.
ინფორმაციისთვის, სერგეი ლავროვი ამჟამად ვიზიტებს მართავს აფრიკულ ქვეყნებში, კერძოდ, გვინეაში, კონგოსა და ჩადში, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ასევე საფრანგეთთან. რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრა აფრიკის კონტინენტს.
რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ცდილობს აფრიკული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას. მოსკოვი იმაზეც თანახმაა, თუ ამ ქვეყნებს ნეიტრალური პოზიცია ექნებათ.