სერბეთის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სერბეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2 ივნისს ქვეყანაში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მათმა პარტიამ გაიმარჯვა.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, მათ გაიმარჯვეს ბელგრადშიც, სადაც უმრავლესობა მოიპოვეს. მისივე განცხადებით, ისინი დიდი ალბათობით 110-იდან 63 ადგილს დაიკავებენ.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები კი კენჭისყრის პროცესში დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. არეულობა იყო ნოვი-სადში, სადაც ოპოზიციონერები ცდილობდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებით სავსე დარბაზში შესვლას, თუმცა პოლიციამ ისინი შეაჩერა.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთ ადგილას მოწყობილი იყო ე.წ „ქოლ ცენტრები“, საიდანაც მოქალაქეებს ურეკავდნენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის რადომირ ლაზოვიჩის თქმით, ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი პარტია მედიაში დომინანტები იყვნენ და საარჩევნო კამპანიისთვის ისინი მედიას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ.

სერბეთის მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათი აქტივისტები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები