პრემიერის ანგარიში: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთსა და იაპონიასთან, ასევე ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან: ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან.

„დიდი ყურადღება ექცევა ურთიერთობების განვითარებას რეგიონის მზარდ ეკონომიკურ სახელმწიფოებთან: სინგაპურთან, ტაილანდთან, ინდონეზიასა და მალაიზიასთან. განსაკუთრებული როლი ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, მათ შორის, აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, 2023 წლის 31 ივლისს, მიღებულ იქნა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“. შედგა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან, სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ლი ციანგთან; შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა.

განხილული იყო სატრანსპორტო დერეფნები, ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფნის მეშვეობით და საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები, საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა, ქართული ექსპორტის გაზრდა ჩინურ ბაზარზე და ჩინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა საქართველოში. ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა.

ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შედეგებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება − „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად განთავისუფლების შესახებ“. შეთანხმება 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედდა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და ჩინეთს შორის მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 5 სხვადასხვა დოკუმენტს სატრანსპორტო, სავაჭრო, განათლების, ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. 2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 555%). ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა იაპონიის ინტერესი საქართველოს მიმართ. სხვა ტრადიციულ თანამშრომლობასთან ერთად, იაპონური მხარე აქტიურად დაინტერესდა საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებით, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან პროექტებში მონაწილეობით (საზღვაო ელექტრო და ბოჩკოვანი კაბელები). 2023 წლის 3 აგვისტოს იაპონიაში საქართველო-იაპონიის სავაჭრო სამრეწველო პალატა დაარსდა. 2023 წლის 9 ოქტომბერს იაპონიაში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროებს შორის საინფორმაციო კავშირების სფეროში“, – აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები