პრემიერის ანგარიში: გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე რეაგირების გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადაიდგა; შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი
კერძოდ:
- 2024 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“ (შემდგომში − რეფერირების პროცედურები); რეფერირების პროცედურების დოკუმენტით განისაზღვრა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, ეფექტიან დაცვას, მხარდაჭერასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას; დოკუმენტის მთავარი ამოცანაა რელევანტურ უწყებებს შორის, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით, სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია და შეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2023 წლის პირველი ივლისიდან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გამარტივდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა; ცვლილების თანახმად, აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელ პირობას აღარ წარმოადგენს სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ გაცემული მსხვერპლის ან/და დაზარალებულის სტატუსის შესახებ ცნობის წარდგენა; სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლის მიერ განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც, მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის მომსახურების მიწოდების ან უარის თქმის შესახებ.
ანგარიშში, ასევე საუბარია ბავშვთა უფლებებზე.
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2025 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩის სიტუაციაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სტრატეგიის დოკუმენტისა და მისი შესრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცება იგეგმება 2024 წლის ბოლომდე.
სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის − „ლიდერობის, თანასწორობის, ადვოკატირების და დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგკურსი − „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპები (ბავშვის უფლებები და ბავშვის განვითარების თავისებურებები)“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.