პრემიერის ანგარიში: პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს მიენიჭათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები ხდება მათ შორის მიმოწერაც
„ახალი პენიტენციური კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად: ბრალდებულს მიენიჭა ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდადებულს – ვიდეოპაემნის უფლება; მსჯავრდადებულს მიენიჭა პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი − ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი − ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი); ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი გახდა საფასურის გადაუხდელად (დღეს საფასური დაწესებულია ხანგრძლივი პაემნისთვის); თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნა.
ამასთან, მინისტრი უფლებამოსილი იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. შენარჩუნდა წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს მიენიჭათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები ხდება მათ შორის მიმოწერაც; ყველა მსჯავრდადებულს მიენიჭა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
მსჯავრდადებულები აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებენ ციფრული ან კორესპონდენციული სწავლების ფორმებით. დამატებით, პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში, ციფრული სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ხდება ფინანსური სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება; შესაძლებელი გახდა ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით;
კოდექსის თანახმად, ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა 2026 წლიდან გაუთანაბრდება მსჯავრდადებულთა საცხოვრებელ ფართს და გახდება არანაკლებ 4 მ2-ისა; მნიშვნელოვნად გაიზარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები, რომლითაც ამ სამსახურის ყველა მოსამსახურე ისარგებლებს; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭა სპეციალური სტატუსი, რამაც თანამშრომელთა პირობები გაათანაბრა და გააუმჯობესა; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, იღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციასა და სხვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.