პრემიერი: საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მიზნით
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოყენებული იყო ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის.
„საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი – 58-ე, 59-ე და მე-60. მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა, კონსულტაციები თანათავმჯდომარებსა და აშშ-სთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.