საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ჩინური კონსორციუმის – China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული კომპანიის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.
„გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიას თავისუფლად შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია – „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, შემოსული წინადადების დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.