“ძალიან ადრეული ასაკიდან ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ტენდენცია წამოვიდა, 8-9 წლის ბავშვები ამ პროდუქტებს სინჯავენ” – გიორგი ბახტურიძე „თამბაქოს გარეშე” მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრობს

“ძალიან ადრეული ასაკიდან ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ტენდენცია წამოვიდა. დაახლოებით 8-9 წლის ბავშვები ამ პროდუქტებს სინჯავენ”, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტურიძემ „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 31 მაისს აღინიშნება. მისი თქმით, წლევანდელი კამპანია თამბაქოსგან ბავშვების დაცვას ეხება.
ბახტურიძემ განმარტა, რა საფრთხეს ქმნის ჯანმრთელობისთვის ელექტრონული სიგარეტის მოხმარება.

“31 მაისი “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ 1986 წლიდან თამბაქოზე თავის დანებების მსოფლიო დღედაა დაწესებული. ყოველ წელს ამ დღეს თავის სამიზნე ობიექტიც და სუბიექტიც ჰყავს, წელს ბავშვები და ახალგაზრდები არიან. თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის შესახებ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მოგეხსენებათ, თამბაქოს ინდუსტრიის ძირითადი ფოკუსი და სამიზნე სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებულ მწეველთა ბაზარი მათთვის უკვე ცნობილია. ახალი ბაზარი ჩვენი შვილები და მომავალი თაობაა. მოგეხსნებათ, საქართველოში 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება, ასევე, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, ჩილიმის და ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტის მოხმარება აკრძალულია. ასევე, აკრძალულია ამ პროდუქტების პოპულარიზაცია, რეკლამირება. ჩვენი ორგანიზაცია ამ კანონის აღსრულებაზე მონიტორინგს აწარმოებს. სამწუხაროდ, მონიტორების რაოდენობა მცირეა, ქვეყნის მასშტაბით 30-35 ადამიანია. სხვადასხვა ტიპის ობიექტი, სავაჭრო, კვების და ა.შ. ათი ათასობითაა, მათი მასობრივად შემოწმება ვერ ხერხდება. ამიტომ, მედიის საშუალებებით მოქალაქეებს მივმართავთ ხოლმე, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაცაა, რომ კანონი დაიცვან, რომელიც პირდაპირ მათ სასიცოცხლო ინტერესებში შედის.
2016 წლის მონაცემებით, არასრულწლოვნებში თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტის გავრცელება 18 %-ის დონეზე იყო. 2020 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 12 %- ზე ჩამოვიდა. ეს საკმაოდ დიდი კლება იყო. ინდუსტრიამ როგორც ბავშვებში, ისე მთლიან მოსახლეობაში მოხმარების კლებას შეხედა (2016 წელს მოხმარება 33 % იყო, 2020 წლის მონაცემებით 27 % გახდა, ანუ მთლიანად საზოგადოებაში კლება 6 % იყო, მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა 15 %-ით შემცირდა, ანუ ბაზარი 15 % -ით შემცირდა). პანდემიის დროს ინდუსტრიის მხრიდან უკანონო ქმედებები შემცირებული იყო, მაგრამ 2021 წლიდან მათ ახალი პროდუქტების უკანონო პოპულარიზაცია მასობრივად დაიწყეს. მივიღეთ ის, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ტენდენცია წამოვიდა. დაახლოებით, 8-9 წლის ბავშვები ამ პროდუქტებს სინჯავენ. ჩვენი ბოლო მონაცემებით, ექსპერტული დაკვირვებებით, დაახლოებით ყოველი მესამე ბავშვი სხვადასხვა ინტენსივობით ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კატასტროფული ნიშნების შემცველია. თუ შევადარებთ ზიანს ჩვეულებრივ თამბაქოს, ელექტრონულ სიგარეტს ან გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს შორის, გასული წლის მონაცემებს დავეყრდნობი, მეტაანალიზები გაკეთდა, ანუ ასეულობით კვლევის შეჯერება მოხდა, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ იმ დაავადებებს, რასაც ჩვეულებრივი თამბაქო იწვევს, თითქმის იმავე დონეზე, იმავე დროში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებიც იწვევს. ელექტრონულ სიგარეტთან მიმართებით, მოგეხსნებათ, სითხეა, თხევადი სახითაა როგორც ნიკოტინი, ასევე არომატიზატორები, ის ქიმიური დანამატები, რაც ამ პროდუქტს საგემოვნო თვისებებს ანიჭებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს ამ არომატების საშუალებით იზიდავენ. ამ ნივთიერებების გამხსნელი ნივთიერება გლიცერინია. გლიცერინი ერთი შეხედვით უსაფრთხოა და სამედიცინო თვალსაზრისით ვიყენებთ, მაგრამ როგორც კი ამ კომპონენტების გახურება 100 გრადუსზე ზემოთ ხდება, ისინი გარდაიქმნება ტოქსინებად, კანცეროგენებად, ანუ კიბოს გამომწევ აგენტებად. უსაფრთხო დოზა დადგენილი არაა. ანუ, ფაქტობრივად, როდესაც ადამიანი, მათ შორის, მოზარდი, რომელიც ყველაზე მოწყვლადია, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ნივთიერებებს იღებს, ადრეულ პერიოდშივე აღმოჩნდება: გულის აჩქარებები, სუნთქვის გაძნელება, ემფიზემის ფილტვის შეუქცევადი დაავადების უფრო მალე ჩამოყალიბება, ვიდრე თამბაქოს თუ შევადარებთ. ასევე, მოქმედებს გამრავლების უნარზე როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ამასთან კანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას”, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ბახტურიძემ იმ ზომების შესახებ ისაუბრა, რაც, მისი თქმით, თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად უნდა გატარდეს.

“ჩვენ წლების განმავლობაში კონკრეტულ ღონისძიებებს ვთავაზობთ: პირველი მონიტორინგის პროგრამის გაუმჯობესებაა, მოცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ იყოს, რათა ყველა დარღვევის იდენტიფიცირება მაქსიმალურად მოვახდინოთ, თამბაქოს ინდუსტრიას დარღვევები რომ აღარ უღირდეს. საჯარიმო სანქციები სავაჭრო ობიექტებში 1000-დან 5000 ლარამდეა, რაც შეეხება მოწევის რეგულაციებს 500-დან იწყება, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარია, შემდგომ კი 2000.
ყოველთვიურად დაახლოებით 300 -400 დარღვევა ამოდის სავაჭრო ობიექტებიდან, გადაამრავლეთ საშუალოდ 2000 ლარზე, თამბაქოს ინდუსტრია ყოველთვიურად სადღაც 800 000 – 1 000 000 ლარით ჯარიმდება, მაგრამ მათ უღირთ. საჯარიმო სანქციები უნდა გაიზარდოს.
ასევე საჭიროა გამჭვირვალობის შესახებ ნორმატიული აქტის სასწრაფოდ დამტკიცება. 2018 წელს მთავრობას ჰქონდა ვალდებულება, თამბაქოს ინდუსტრიასთან კონკრეტული ჩინოვნიკების ურთიერთობების გამჭვირვალობის შესახებ ნორმატიული აქტი დაემტკიცებინა, ეს აქტი მომზადებულია 2018 წელს, ახლა 2024 წელია და დამტკიცებული არაა.
ასევე – უკანონო ვაჭრობის შესახებ ოქმზე მიერთება, რომელიც საქართველოს ბაზარს გარე საფრთხეებისგან დაიცავდა.
არომატიზატორების, დანამატების კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს, ამის შესწავლა არ ხდება, აუცილებელია ამით თამბაქოს პროდუქტების უარყოფითი ზეგავლენისგან დავიცვათ თავი.
ასევე ჩვენი კარგა ხნის ინიციატივაა, რომ 2015 წლის შემდეგ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, სრულწლოვნობის შემდეგ, ანუ 2033 წლიდან თამბაქოს პროდუქტები აღარ მიეყიდოს. ამ შემთხვევაში ელიმინაცია მოხდება. მივალთ იმ დონემდე, როდესაც მოხმარება 5 %-ზე ნაკლები იქნება. სამწუხაროდ, 2019 წლის შემდეგ გადასახადი არ მომატებულა, პირიქით, წელს მივიღებთ ფაქტს, როდესაც ამ ლეტალურ პროდუქტზე გადასახადების შემცირება მოხდება.
რაც შეეხება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებას – დაახლოებით 94 %-ის დონეზეა. თუმცაღა, ახალი პროდუქტების გამოვლენა რთულია. ვახდენთ ხოლმე გამოვლენას, ეს ელექტრონული სიგარეტი იქნება, თუ გასახურებელი, თუმცა რთულია, რადგან საფერფლე აღარ ფიგურირებს. ნებისმიერ კვების ობიექტს შევახსენებთ: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტის, ისე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის და ელექტრონული სიგარეტის მოხმარება აკრძალულია, საჯარიმო სანქციები იმდაგვარია, როგორიც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში. კატეგორიულად ვთხოვთ კანონის დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონიტორები ამაზე თვალს არ დახუჭავენ”, – განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები