წელს ტურისტული ნაკადი შარშანდელზე მეტია. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ფრენების დამატებამ და აღდგენამ, – ამის შესახებ “კვირასთან” საუბარში კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის (GDM) გენერალური დირექტორი, გიორგი შენგელია აცხადებს.
მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ვიზიტორების მატება ისრაელიდან შეინიშნება, რადგან ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა.
“ჩვენ რომელ ქვეყნებზეც ვმუშაობთ, მაგალითად, ისრაელიდან ძალიან მოიმატა ჩამომსვლელებმა. იქ მიმდინარე მოვლენებმა ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა, ამიტომ, ისრაელიდან არის ძალიან დიდი მატება.
ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რაღაც პროფილის კლიენტებზე შესაძლოა მოქმედებს, რომელსაც სხვა პროფილის კლიენტურა ანაცვლებს. რეისები მაინც დატვირთული იყო იმ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი კომპანია მუშაობს”,- აღნიშნა შენგელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად საქართველოს სასტუმროებმა გაზრდილი ფასი დააკორექტირონ.
“რაც შეეხება მიმდინარე ტურისტული სეზონის მოლოდინებს, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე რამდენად დაბალანსდება მოთხოვნა მიწოდება. ახლა ივლისი-აგვისტოს ფასები საქართველოს სასტუმროების არნახულად მომატებულია და იმ შემთხვევაში თუ ეს არ დაკორექტირდება ჩვენი ბაზრებიდან შეიძლება შემცირება აღინიშნოს.
სხვა შემთხვევაში ვფიქრობ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო საკმაოდ მოთხოვნადია იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.