ლადო პაპავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მეტად შემცირებაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-მა სიფრთხილე ამჯობინა

სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – მონეტარული პოლიტიკის 0,25%-ით შემცირებაზე დადებითად აფასებს აკადემიკოსი – ლადო პაპავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი, მაგრამ ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ყველა ფაქტორი ადასტურებს იმას, რომ გვაქვს მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, თუ რეგიონულ კონტექსტში შევხედავთ, ინფლაციის დონე ზომიერია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული ისეთი მოვლენა, რომელიც შემაშფოთებელი იქნებოდა ეკონომიკისთვის, არ ხდება.

„აქედან გამომდინარე, როდესაც ეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია ყოველთვის გამართლებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.

შეიძლებოდა უფრო მეტადაც შემცირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სიფრთხილითაა განპირობებული. ამდენად ყველას გვახსოვს, რომ რამდენიმე დღის უკან იყო აჟიოტაჟი, გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე, რის გამოც სებ-მა 60 მლნ დოლარის რეზერვები გაყიდა. ამ თვალსაზრისით 0,25%-ით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება არის სიფრთხილის გამოხატულება. ანუ სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორია, მაგრამ ფრთხილია, რაც ამ ეტაპისთვის ადეკვატურია იმისა, თუ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში“, – მიიჩნევს ლადო პაპავა.

ამასთან, აკადემიკოსი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ლარის კურსის გაუფასურებას ფუნდამენტური ფაქტორები არ გააჩნდა და ის გამოწვეული იყო ეკონომიკის მიღმა მოვლენებით.

„ლართან მიმართებით ეს იყო გამოწვეული ხელოვნური აჟიოტაჟით, რომელიც არ ყოფილა გამოწვეული რაიმე ფუნდამენტური პრობლემებით. ეს იყო ეკონომიკის მიღმა არსებული მოვლენებიდან განპირობებული“, – ამბობს პაპავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები