საქართველოს ბაზრის განვითარების წარმატების მაგალითი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის ფინანსური ბაზრები, – ამის შესახებ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა, აქსელ ვან ნედერვენმა EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის ერთობლივი ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, EBRD-ის ხაზინამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, კაპიტალის ბაზრის შესახებ დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ხედვა, რომელიც უნიკალურია.
EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით “ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა”. ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.
ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა წინა წლებთან შედარებით.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ვაქვეყნებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2010 წლიდან ჩვენი მხარდაჭერით შესრულებულ სამუშაოს რეტროსპექტივას. იგი ხაზს უსვამს ზოგიერთ საკვანძო გზავნილს სხვა ბაზრებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ ადგილობრივი ვალუტის შესაძლებლობები; მთავარია ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობის განვითარება და ფინანსურ სისტემაში რისკის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება“,- აღნიშნა აქსელ ვან ნედერვენმა.