როგორც პირველმა ვიცეპრემიერმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და ოპონენტების გამოსვლების გამო მარტივად მანიპულირებადი არ არის.
„რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს ობიექტური საფუძველი, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა, ” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია.
„შეიძლება ჩვენ ვიხილეთ მოკლევადიანი, ზუსტად გამიზნული ზიანი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან და ეს ტენდენცია ჩვენ დავინახეთ. იყო მნიშვნელოვანი ვარდნა, კონკრეტულად ერთი დღის განმავლობაში, შემდგომში აქციების ფასი ოდნავ აიწია და დღეს დასტაბილურდა. იგივე იყო შიდა ეკონომიკურ პროცესებში პანიკის დათესვის მცდელობასთან დაკავშირებით, როდესაც იყო მოწოდება, მაგალითად, დეპოზიტების გამოტანის შესახებ – ეს არის ყველაზე უფრო მავნებლური გადაწყვეტილება, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან ეკონომიკის მცოდნეები. თუ არიან, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება ესმოდეთ, რამდენად არასწორია. ეს უკვე გადის ოპონირების, კორექტულობის ჩარჩოებიდან და მორალის ზღვრებიდან” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.