საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ხმაურისთვის ჯამ-ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები აქვთ მიტანილი
პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადგილზე ჯამ-ჭურჭელი აქვთ მიტანილი. ადგილზე ისმის შეძახილები და ჭურჭლის ხმაური.
აქციის მონაწილეების თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პროტესტი ყველგან ისმოდეს.
“გვინდა, რომ ჩვენი ხმა მაქსიმალურად ისმოდეს, მაქსიმალური ხმაური შევქმნათ. ახლა ხმაურის დროა და არა სიჩუმის”,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ამასთან, „ქართული ოცნება” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრით დამტკიცებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.