შალვა პაპუაშვილი: გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს თურმე რატომღაც მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს – ეს ქვეყანა ყველასია, ყველას ეთქმის სიტყვა

ეს ქვეყანა ყველასია, უფროსისა და უმცროსის, ქალისა და კაცის, ყველასია ეს ქვეყანა და ყველას ეთქმის სიტყვა, ყველას აქვს ერთი ხმა და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ასაკი არ არის, მთავარია შინაარსი და „გამჭვირვალობის კანონი“ ზუსტად, თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია.

„დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, რომ თითქოს რომელიღაცა ასაკის ადამიანს მეტი და რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია. ასაკოვანი ადამიანის მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება ჰქონდა და ჩარეცხეს ფაქტობრივად გარკვეული ასაკის ადამიანები, ეს იყო ეიჯიზმი. ისეთივე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის, ყველასია ეს ქვეყანა და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის. მთავარი არის შინაარსი. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. შინაარსი და კითხვა არის მარტივი – რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო? ეს კანონი ზუსტად ამ თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები