შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას, კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან

სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას, კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, თუმცა, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობასა და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასა და გამოხატვასთან.

პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები