მარიამ ქვრივიშვილი: მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სვანეთს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდეს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვატარებთ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, იქნება ეს სამთო – სათხილამურო, კულტურული თუ სხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს სვანეთში. ამისთვის, რა თქმა უნდა, შიდა ფრენების სტიმულირება – ჩვენ ვაგრძელებთ მეტი სიხშირით ფრენას და ვახდენთ შიდა ფრენების ტარიფის სუბსიდირებას იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს შიდა ფრენა სვანეთიდან და სვანეთამდე, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას, რომელიც იქნება უფრო დიდი და შეძლებს მეტი მგზავრის გატარებას,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ტერმინალი შეძლებს არა მხოლოდ დღეს არსებული მგზავრების რაოდენობის მომსახურებას, არამედ მგზავრთნაკადის სამომავლო ზრდაზეცაა გათვლილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 18 პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესოდ კომპანია Green Studio – ს პროექტი დასახელდა.

„გამარჯვებული პროექტი მოუხდება სვანეთს და მის ბუნებას, გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, მესტიას ექნება მსოფლიოში გამორჩეულად ორიგინალური და რეგიონის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული დიზაინის მქონე შიდა აეროპორტი,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები