„საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – გამარჯვებული ცხრა პროექტი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
1. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2024“ – განმახორციელებელი შპს „თბილფოტო“. ფესტივალი გაიმართება თბილისში.
2. „ქარავან არტ ფორუმი, ქუთაისი 2024. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. ფესტივალი გაიმართება ქუთაისში.
3. საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო – 2024“ – განმახორციელებელი შპს კომპანია „ოქროს პეპელა“. ფესტივალი გაიმართება ქუთაისში.
4. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფეტივალი „საჩუქარი. თბილისი. საქართველო“. ფესტივალი გაიმართება თბილისში.
5. „თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი. ფესტივალი თბილისში გაიმართება.
6. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი- 2024“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ „თეატრალური იმერეთი“. ფესტივალი გაიმართება ქუთაისში.
7. „თოჯინური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ – განმახორციელებელი სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება. ფესტივალი გაიმართება ბათუმში.
8. „ჯიბის ფესტივალი და თოჯინური ანიმაციის მასტერკლასების სერია“ – განმახორციელებელი შპს „ჯიბის სტუდია“. ფესტივალი გაიმართება თბილისში.
9. „კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/კონკურსი – ფენიქსი 24“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა“. ფესტივალი გაიმართება თბილისში.
„კონკურსის ბიუჯეტი იყო 800 000 ლარი. სამინისტროს მომართა 24-მა განმცხადებელმა.
კონკურსის მიზანია: ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 600 000 ლარი და დაფინანსდა 14 პროექტი. პროექტები განხორციელდა შვიდ ადგილას 1500 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი და დაფინანსდა ათი პროექტი. პროექტები განხორციელდა ხუთ ადგილას 1200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.