მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და რომელიც ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია რეგიონში უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით, და როდესაც ჩვენ რეგიონზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, დაკავშირებადობის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს როლის წარმოჩენა, ვინაიდან აქაც უსაფრთხოება და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული პოტენციალის გამოყენებისთვის. შესაბამისად, ნატო-ს სამიტის პარალელურად ეს დისკუსიები არის მნიშვნელოვანი და კარგი პლატფორმა და შესაძლებლობა საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით, ნატო-ს სამიტის პარალელურად ანკარაში გამართული ღონისძიების – „მოკავშირეები ანკარაში“ შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ღონისძიება აერთიანებს ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ალიანსის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ გააცნოს საკუთარი პოზიციები და ხაზი გაუსვას საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში.

„საქართველოს მოწვევა, მონაწილეობა, სამიტის პარალელურად გამართულ ამგვარ ღონისძიებაში ჩვენთვის ეს არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს პოზიციების შესახებ საუბრისთვის, და, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, ჩვენი როლი რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები