მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელმა (Sustainable Banking and Finance Network, SBFN) 2024 წლის გლობალური პროგრესის ანგარიში (2024 Global Progress Brief) გამოაქვეყნა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციიტ, გლობალური პროგრესის ანგარიშის მიზანი წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისა და გატარებული ღონისძიებების შეფასებაა.
“ახალ ანგარიშში შეფასებულია 66 განვითარებადი ქვეყნის რეგულატორული ჩარჩო, ძირითადი ტენდეციები, ინოვაციები და შესაძლებლობები სამ ძირითად კატეგორიაში: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაცია, კლიმატთან და ბუნებასთან დაკავშირებულ რისკების მართვა და მდგრადობის დაფინანსება. საქართველო სამივე კატეგორიაში დაწინაურდა, მათ შორის ორი პოზიციით მდგრადობის დაფინანსებისა და კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული რისკების მართვის კატეგორიებში.
SBFN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 70 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის რეგულატორებსა და საბანკო ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან SBFN-ის წევრია. SBFN-მა აქტიური როლი შეასრულა საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკლევის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მათ შორის განხორციელდა ESG საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, მიღებულ იქნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაცია, შემუშავდა კლიმატის რისკის რადარი, დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და ESG საკითხების სახელმძღვანელო, გამოქვეყნდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიში და სხვა.
ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი, რაც SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვს საფეხურიან სისტემაში დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა “განვითარების” საფეხურიდან “კონსოლიდირების” საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო”,- წერია ინფორმაციაში.