კახა კალაძე – გამჭვირვალობის კანონზე: ერთადერთი მოთხოვნა არის – წლის განმავლობაში ლომჯარიებმა და გიგაურებმა შეავსონ დეკლარაცია – მეტი არაფერი. ყველაფერი გახდეს ცხადი და ყველასათვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი

ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია, ერთადერთი მოთხოვნა არის – წლის განმავლობაში ლომჯარიებმა და გიგაურებმა შეავსონ დეკლარაცია – მეტი არაფერი. ყველაფერი გახდეს ცხადი და ყველასათვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ორი ხელით მივესალმებით იმას, რომ კარგ საქმეებზე დაიხარჯება თანხები. გიჟი უნდა იყო, რომ შეეწინააღმდეგო იმას, რომ ვთქვათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაღაც ფინანსდება და კეთდება. ამაზე მაგარი რა არის? რატომ უნდა შეეწინააღმდეგო ამ ყველაფერს? ვინც ამ საქმეს გააკეთებს, და ასეთი ბევრი იქნება – მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

თუმცა არის მეორე გარემოებაც: გავიხსენოთ წლების წინ, დიდი ხანი არ გასულა, რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო და რას აპირებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები? პირდაპირ პოლიტიკაში გადასულები, პოლიტიკური ლოზუნგებით და გზავნილებით – ასევე გვახსოვს ფაქტები, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, რევოლუციური სცენარის დაფინანსებები – ეს არის მტრობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ არასამთავრობოებთან დაკავშირებით, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ პროექტებზე.

როცა გამოაშკარავდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რევოლუციაზე ატარებდა სემინარებს, USAID-ი იყო ერთ-ერთი დამფინანსებელი, გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგიო. ეს გაუგებრობები რომ არ იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა.

ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია, ერთადერთი მოთხოვნა არის – წლის განმავლობაში ლომჯარიებმა და გიგაურებმა შეავსონ დეკლარაცია – მეტი არაფერი. ყველაფერი გახდეს ცხადი და ყველასათვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. დონორებიც არ აღმოჩნდებიან ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. საერთოდ, რა კავშირშია ევროპულ მომავალთან ეს კანონი? პირიქით, გამჭვირვალობა ერთ-ერთი ევროპული ღირებულებაა. ჩვენთვის ხომ ევროპული ღირებულებებია მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ ადგილზეც შეიძლება სხვა იყოს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები