გოგი მეშველიანი: ჩვენი მიზანია ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ გზაზე არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი სწრაფვის თავისი მოკლევადიანი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენების საშუალება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა ის ფასეულობებია, რომელთა დღევანდელ დღემდე მოტანას უამრავი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული შეეწირა.

მისი თქმით, ჩვენი მიზანია ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ გზაზე არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი სწრაფვის თავისი მოკლევადიანი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენების საშუალება.

„საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა ის ფასეულობებია, რომელთა დღევანდელ დღემდე მოტანას უამრავი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული შეეწირა.

ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე დავიმეგობრეთ დასავლეთ ევროპელები (რომაელები) და ადრეული შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას და შენარჩუნებას, ავად თუ კარგად სწორედ ევროპელებთან მოკავშირეობით ვცდილობდით.

დღესაც, ჩვენი მიზანია ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ გზაზე არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი სწრაფვის თავისი მოკლევადიანი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენების საშუალება.

ჩვენი გზა ევროპისკენ არასდროს ყოფილა მარტივი და თანამედროვე, გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობიანი განვითარების კვალდაკვალ, ეროვნული ინტერესების დაცვა და არა უცხო ინტერესების ბრმა მსახურება.

გულწრფელ პატივისცემას და აღტაცებას იმსახურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე დაუღლელად ემსახურებოდნენ ჩვენი საზოგადოების განვითარებას და შეუძლებელია მათი ამაგის და ღვაწლის დაუფასებლობა. ამასთან ერთად გამოიკვეთა რამდენიმე ათეული, პარტიულ სტრუქტურებთან ინტეგრირებული და/ან უცხო ქვეყნების აგრესიულ ძალებს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომლებიც გააფთრებულები ცდილობენ ქართულ ფასეულობებზე შეტევას, უძველესი ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას და ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შერყევას, თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

რისთვის სჭირდებათ გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანაში, თავისი უსიტყვოდ მორჩილი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ახლო წარსულში ნანახი გვაქვს და დიდ გამოცნობას არ საჭიროებს…

ჩვენ გვინდა ევროპა, სადაც მოგვისმენენ, ჩვენს სუვერენიტეტს, ინტერესებს და თვითმყოფადობას პატივს სცემენ, ჩვენ მოკავშირეობას და ერთგულებას შეამჩნევენ და დააფასებენ! არასდროს არ მიუტოვებია ქართულ ჯარს მოკავშირე ბრძოლაში და თავგანწირვის მაგალითიც არაერთხელ მიუცია სხვებისთვის და არ გვსურს, ჩვენი ისტორიის რამდენიმე ეპიზოდის მსგავსად, სამყაროსგან მიტოვებულები შევასკდეთ მრავალგზის აღმატებულ ძალებს და ასწლეულების შემდეგ, დიდი შრომის და სისხლის ფასად მოპოვებული სახელმწიფო და თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ახალგაზრდობა შევწიროთ დაუფიქრებლობას!

სრულფასოვანი პარტნიორობა, თანასწორობა, ურთიერთთანადგომაა ჩვენი ევროპისკენ ლტოლვის მიზანი და ამის მისაღწევად ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დათმობა არ მოგვიწევს, „ჩვენი თავი, ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“.

ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების გზაზე მდგარ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს გაუმარჯოს!

მშვიდობა ჩვენს ქვეყანას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები