„ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნს წარადგენენ

22 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის – „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ – წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოცემა შედგება თხუთმეტი ნარკვევისგან, რომელიც ჟანრობრივი თვალსაზრისით ახლოსაა ესეისტური ტიპის პუბლიცისტიკასთან. თუმცა მათი უმეტესობა თავისი მოცულობითა და შინაარსობრივი დატვირთვით ესეს ფორმატს სცდება და კვლევას უახლოვდება.
წიგნის რედაქტორია პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი და ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რეცენზენტი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია წერეთელი.
„წიგნი ეძღვნება იმ წარმატებებს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და განმტკიცებასთან ერთად ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე მოიპოვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეროვნული სახელმწიფოს ახალი ტიპი და საერო-ზეპური, სეკულარული კულტურა სწორედ ევროპული განმანათლებლობის შედეგია. იგი თავისთავად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ნარკვევებში განხილული ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხები დაეხმარება მკითხველს წარსულისა და მისგან გამომდინარე აწმყოს მნიშვნელოვანი ტენდენციების გაგებაში“, – ვკითხულობთ წიგნის ავტორისეულ წინათქმაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები