შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტზე: ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონია, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია

როდესაც ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონია, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა.

მან პრეზიდენტი „ტვიტერზე“ დაწერილი პოსტისთვის გააკრიტიკა, სადაც პაპუაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი პოლიციის მიმართ რუსული სიტყვა „სპეცრაზმი“ გამოიყენა.

„როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია – შენ ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დღისით და ღამით, ქარში, სიცივეში და სიცხეში დგანან ქართველი ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, რუსი უწოდო. ეს გააკეთა მან თავის „ტვიტში“, როდესაც მათ „სპეცრაზმელები“ უწოდა, რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა ქართული პოლიციის წინააღმდეგ. ცოტა ხანში იქნება ქართული პოლიციის დღე და მაინტერესებს ამ დღეს როგორ აღნიშნავს, როდესაც რუსებად მოიხსენიებს ქართველ პოლიციელებს. დანარჩენი უკვე ბელეტრისტიკაა, მან მთავარი არსი და დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ სხვა დროსაც გამოხატა და გუშინ განსაკუთრებით გამოხატა, როცა ქართულ პოლიციას რუსები ეძახა. ასე რომ, ამით ყველაფერია ნათქვამი თუ რა ლეგიტიმაცია აქვს მას. მისი ადმინისტრაციიდან დატოვეს თანამდებობები და სხვებიც თუ დაფიქრდებიან საერთოდ რამდენად უღირთ იყვნენ იმ ადმინისტრაციაში, რომელიც შენი ქვეყნის პოლიციას რუსებად მოიხსენიებს, რა ვიცი…“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები