მამუკა მდინარაძე: ერთადერთი, რასაც კანონი ემსახურება ეს არის გამჭვირვალობა

“ადამიანების გარკვეული ნაწილი დააჯერეს და ახლა ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ სამშობლოს იცავენ. ამ დროს ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული, ან რატომ არის კანონი არაქართული, ან რატომ შეიძლება იყოს არაქართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გამჭვირვალობას ემსახურება.

„ერთადერთი, რასაც კანონი ემსახურება ეს არის გამჭვირვალობა და ეს ემსახურება პრევენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბების პრევენცია მოხდეს. თვითმიზანი არ არის მარტო გამჭვირვალობა, გამჭვირვალობას მერე მიზანი აქვს. მე მკითხეს, რატომ აიტკივეთ აუტკივარი თავიო – იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში ოქტომბერში, ამის შესახებ ცალკე ინფორმაცია იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა იყო, ამიტომ ვამბობდით შარშან, რომ კანონპროექტს აღარ დავაბრუნებდით. წელს დავაბრუნეთ იმიტომ, რომ მათი მხრიდან პირობა არ შესრულდა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები