იაგო ხვიჩია: მინდა, გავემიჯნო ალეკოს საქციელს, რადგან არ მგონია, ვინმეს აწყობდეს, რომ ტრიბუნასთან დგომა სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის

“გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“ჩვენ დღეს მომზადებულები ვიყავით იმისთვის, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგვესვა კანონთან დაკავშირებით, მის კონტექსტთან დაკავშირებით, რატომ ეძახიან მას რუსულს, რა არის მასში რუსული და ა.შ. მაგრამ, რამდენიმე წუთის წინ ისეთი რაღაც მოხდა ჩვენ თვალწინ, რომ ამის არშემჩნევა, თითქოს არაფერი ა მომხდარა და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ სხდომა, ჩემთვის უბრალოდ მიუღებელია. მინდა, გავემიჯნო ალეკოს საქციელს, რადგან არ მგონია, ვინმეს აწყობდეს, რომ ტრიბუნასთან დგომა სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის.

ამასთან, არ მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას ისეთი პოზიცია ჰქონოდა, რომ აუცილებელი ყოფილიყო ხელებით გაწევა და თითქოს სხვა არგუმენტი არ არსებობდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე თქვენს ადგილას ამ სხდომას გადავდებდი, რადგან ყველა დაძაბულია და ხედავთ, დისკუსიის ხარისხიც გაუარესდა. ქალბატონი რიმა ცუდად გახდა, ბატონ მამუკასაც შეიძლება, სამედიცინო დახმარება დასჭირდეს. ზოგადად, ბევრ რამეს ვრისკავთ. ამ დარბაზში ყველა გაბრაზებულია, ყველას ემოციები მაღლაა აწეული და ისეთი რამე მოხდა პარლამენტში, რაც არასდროს არ მომხდარა ჩვენი მოწვევის დროს.

ამ კანონზე დაიწყო თუ არა ლაპარაკი, საზოგადოება შუაზე გაიყო, ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება, რომ არ გვინდა ეს კანონი და ვის იმედად ვრჩებით? ყველა თუ გავაბრაზეთ სამყაროში, ქვეყნის შიგნით დაძაბულობას იწვევს და რისთვის გვჭირდება ამ კანონის განხილვა. ვის იმედად ვრჩებით სამყაროში, როდესაც ევროპელებს ვიმტერებთ, ამერიკელებს ვიმტერებთ და ქვეყნის შიგნით ასეთ გაუგებრობას წარმოვშობთ ამ კანონის მიღებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა. დაპირისპირება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები