რომის პაპმა აბორტი, სუროგაცია და სქესის შეცვლა დაგმო

რომის პაპმა აბორტი, სუროგაცია და სქესის შეცვლა მკაცრად დაგმო.

„ორსულობის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ღირსების ჩამორთმევა ყველაზე დაუცველთა და უდანაშაულოთათვის“, – ამბობს პონტიფიკოსი „დიგნიტას ინფინიტას“ სახელწოდებით მომზადებულ 25-გვერდიან დოკუმენტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ადამიანი – თუნდაც დაუბადებელი – არის წმინდა და ხელშეუხებელი და ეს ეხება მისი განვითარების ნებისმიერ სტადიას.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მსგავსი წინააღმდეგობა გამოხატა სუროგაციის მიმართ. პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ როდესაც ქალი შვილს სარგებლის მიღების მიზნით ატარებს, ის „მხოლოდ საგანი“ ხდება და ქალის ღირსება ითელება.

მისი თქმით, ბავშვის ყოლის ლეგიტიმური სურვილი არ შეიძლება გადაიზარდოს შვილის ყოლის უფლებად.

გარდა ამისა, რომის პაპი ეწინააღმდეგებოდა სქესის შეცვლას და „გენდერულ თეორიას“, რომელიც შლის სექსუალურ განსხვავებებს მამაკაცებსა და ქალებს შორის და უწოდებს მათ ღვთისგან ბოძებული ადამიანის ღირსების სერიოზულ შელახვას.

„სურვილი, განაგებდე თავს, სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ცდუნების მიმართ დანებება თავის გასაღმერთებლად“, – აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსის აზრით, ადამიანმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს თავის სხეულს ისეთს, როგორც ის შეიქმნა, სქესის შეცვლა კი საფრთხეს უქმნის იმ უნიკალურ ადამიანურ ღირსებას, რომლითაც ყველა დაჯილდოებულია ჩასახვის მომენტიდან.

ამასთან, პონტიფიკოსმა ასევე დაგმო სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დევნა, რაც ადამიანის ღირსების შელახვად შეაფასა, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების წამება და მოკვლა. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობაზე, დაგმო ომები და ტრეფიკინგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები