„გამოძიებამ სააკაშვილის მიერ ოფშორებში გადაქაჩულ მილიონებზეც უნდა იმუშაოს“
„დაყადაღებული ქონება იმ 8 მილიონს ვერ აანაზღაურებს, რასაც ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან“ – აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფშორებში გადაქაჩულ თანხემზეც უნდა იმუშაოს. აღნიშნული განცხადება ნიკა მჯავანაძემ საინფორმაციო ანალინიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისივე თქმით, დაყადაღება სააკაშვილის ნათესავებს ქონების განკარგვას უკრძალავს და არა ამ ქონებით სარგებლობას: „აჟიოტაჟის ატეხვა, რომ სააკაშვილის ქონება დაყადაღდა, ცოტა ალოგიკურია. მას ედავებიან 8 მილიონამდე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას. აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოძიება მსგავს ქმედებებს მიმართავს. გაზვიადებულია იმ ფონის შექმნა, თითქოს ბავშვები და ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე ქუჩაში რჩებიან. ყადაღა არ ნიშნავს, რომ მათ იქ ცხოვრება არ შეუძლიათ. უბრალოდ, ქონებას ვერ განკარგავენ და ვერ გაასხვისებენ. გარდა ამისა, დაყადაღებული ქონება არაფერია იმასთან დაკავშირებით, რასაც სააკაშვილს ედავებიან. ეს ქონება იმ ზიანს ვერ გადაფარავს, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ყვეყანას და ბიუჯეტს მიაყენა. პირიქით, გამოძიებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფშორულ კომპანიებში გადაქაჩულ თანხებზე უნდა იმუშაოს“.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის დედის და ბებიის დაყადაღებულ ქონებას, მჟავანაძემ აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ აონება ან დაუბრუნდებათ ან არა: „ კითხვები დაისვა ბებიის და დედის ქონებასთან დაკავშირებითაც. როცა საქმის არსებითი განხილვა მოხდება, თუ დაყადაღებული ქონების პრეზიდენტის მიერ გაფლანგულ თანხებთან კავშირი არ დადასტურდა, ის აღსრულებაში მიეცემა და ყადაღა მოიხსნება.“
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის – მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი “ტოიოტა რავ” 4; ასევე – გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის – სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის “ჰონდა აკორდი”.