დმიტრო კულება – უკრაინის მხარდამჭერ ფონდზე: მომხრე ვართ, მაგრამ დღევანდელ ფინანსურ მოდელში ამ ინიციატივის შანსი ნულის ტოლია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას კიევის დასახმარებლად 100 მილიარდი ევროს ღირებულების მრავალწლიანი ფონდის შესახებ, თუმცა ამჟამინდელი ფინანსური მოდელის პირობებში არ სჯერა მისი განხორციელების.
კულებას თქმით, ფონდის იდეაა, რომ ალიანსის წევრების წვლილი უკრაინის სამხედრო დახმარებაში თანაბრად გადანაწილდეს მათ შორის.
„დაფინანსების დღევანდელ მოდელში ამ ინიციატივას ნულოვანი შანსი აქვს, რადგან 500 მილიონ დოლარს ვერ აგროვებენ, ხოლო არსებული მოდელით 20 მილიარდი დოლარის შეგროვება დასჭირდებათ. მაგრამ თუ შესაძლებელი გახდება ნატოს თითოეული წევრის დაფინანსებაში სავალდებულო მონაწილეობის ფორმულის გამოთვლა, მაშინ ამ იდეას აქვს არსებობის უფლება და განხორციელების შანსი“, – დასძინა დმიტრო კულებამ.