„სულში ვაშლის ხე ვიღაცამ ჩარგო“ – ტიციან ტაბიძე – 129

დღეს 2 აპრილია, ტიციან ტაბიძის დაბადების დღე. ამ დიდი ქართველის ხსენებას ერთბაშად სიამაყე და სინანული ახლავს მუდამ. საამაყოა, როგორც მან იცხოვრა და რაც მოასწრო, სინანულს კი მისი სიცოცხლის ასე ულმობლად მოსხეპვა განგვაცდევინებს: თავისი წილი წუთისოფელი ბუნებრივად რომ ჩაეთავებინა, კიდევ რამდენი განძით გაამდიდრებდა იგი ქართულ სულიერებას?!
ტიციან ტაბიძე გულწრფელად უყვარს მკითხველს და ანჩისხატის ეზოში აღმართული ბიუსტი არის ამის დასტური! მასზე საკმაოდ ითქვა და დაიწერა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულია ის პატივი, რომელიც პოეტს მიაგო ქართულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ოქროს საწმისმა” და მისმა სულისჩამდგმელმა, დიდებულმა მოღვაწემ და ესთეტმა მარინა ჯიქიამ. ვისაც უნახავს ტიციანისადმი მიძღვნილი ეს ლიტერატურული სპექტაკლი, შეუძლებელია, გულში მზის სხივივით არ ჩაღვროდა მარინა ჯიქიას შესავალი სიტყვა, რომელშიც მან ტიციან ტაბიძის სამებად დასახა: ვაშლის ყვავილი, ჯვარი და მზის თვალი…
ამ სპექტაკლმა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში უზარმაზარი გამოხმაურება პოვა და კიდევ უფრო გააღვივა ინტერესი პოეტის მიმართ.
2005 წლის 17 მაისს საქართველოს მწერალთა კავშირში გაიმართა ტიციან ტაბიძის ხსოვნის საღამო. იქ ბევრმა გამომსვლელმა ისაუბრა პოეტზე, მაგრამ მარინა ჯიქიას სიტყვამ განსაკუთრებულად იმოქმედა შეკრებილ საზოგადოებაზე.
დაე, დღეს, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 129 წლის თავზე, 19 წლის წინათ წარმოთქმული ეს სიტყვა იყოს მისი ხსოვნისთვის მიძღვნილი მოყვავილე ვაშლის რტო, რომლითაც ქალბატონი მარინა უკვე მეხუთე წელიწადია, ვეღარ ამკობს „ქვაში გამოკვეთილ პოეტის სულს“.

***
„ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებს ტიციან ტაბიძის ლექსთა კრებული, პოეტის ავტოგრაფით. მისი ქართული, მხატვრული კალიგრაფიიდან იღვრება საქართველოს კავკასიონის ენერგია და კოლხეთის სევდა და ქარი… ალბათ ამიტომ მხიბლავს მისი ფრაზა: „გრძნეული მედეა თვითონ კოლხეთია – ულამაზესი და სევდიანი“.
ალბათ ამიტომ მხიბლავს მისი პოეტური თქმა: „ირხევა ოქროს ვერძების ტყავი“.
ვამაყობ იმით, რომ ყოველ ორ აპრილს, ძველ თბილისში, ანჩისხატის ეკლესიასთან, ვაშლის თეთრი ყვავილებით ვამკობ ქვაში გამოკვეთილ პოეტის სულს…
ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა ლიტერატურულმა თეატრმა „ოქროს საწმისმა” დადგა სპექტაკლი „ტიციან ტაბიძე”, რომლის მთავარი მოტივი ვაშლის თეთრი ყვავილია…„და მაგონდება მე ვაშლის ხე, მაისის თვეში, თეთრ ყვავილებით“…
„თეთრი ვაშლის ხე, თეთრ ხიდეზე მოსცურდი გედით“…
„ვაშლის გაშლილი ხის სილამაზე“…
„სულში ვაშლის ხე ვიღაცამ ჩარგო“…
და ყველასათვის ცნობილი:
„მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან“…
სცენას ამშვენებს ზურაბ წერეთლის მიერ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი კომპოზიცია მინანქარზე – „ვაშლს თეთრი ყვავილი მზეზე”. ეს მოტივი განფენილია მსახიობთა სამოსზე, ჩაღვრილია მუსიკასა და მთელ ლიტერატურულ კომპოზიციაში.
განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ათი წლის წინათ ვმონაწილეობდი ალპინისტური კლუბის „შხარას” მიერ ხევში მოწყობილ ათდღიან საშემოდგომო ოლიმპიადაში, რომელიც მიეძღვნა ტიციან ტაბიძის დაბადებიდან ასი წლისთავს.
ხევი – დარიალის ლურჯი ხეობა, ხდეს ჯადოსნური ხეობა, დიდებული სამება, ალექსანდრე ყაზბეგის საფლავი, ტიციან ტაბიძის და ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ ყაზბეგში დაარსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი და პოეტის ლექსებში დახატული საქართველოს ეს მეფური კუთხე:
„და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს“…
„ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
გადაფარებს ყაზბეგს შვინდებად”…
ალპინიადის დროშა ულამაზესი იყო დროშათა შორის: პოეტის მშობლიური კარ-მიდამოდან, ჭყვიშიდან ჩამოტანილი ვაშლის რტო ოქტომბრის თვეში მზისფერი ვაშლებით, რომლითაც შევამკეთ ხდეს ჯადოსნურ ხეობაში დაპყრობილი უსახელო მწვერვალი, სიმაღლე 3700 მეტრი, და ვუწოდეთ „ტიციან ტაბიძე”. მის ლილისფერ კლდეზე ახალგაზრდა მთამსვლელმა არქიტექტორმა ამოკვეთა ტიციან ტაბიძის პოეტური, წინასწარმეტყველური თქმა:
„გრძელი, შორი გზა და ოცნება
უსაზღვრო გზებზე,
ჩემი საფლავი ძველ ქალდეას
იქნება მზეზე“…
ულამაზესი ეპიტაფია – ეპიტაფიათა შორის“.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები