ზურაბ კაპანაძის ბრწყინვალე მხატვრობა ბერლინის ქართული რესტორნის სავიზიტო ბარათად იქცა

30 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში ამდენი ქართული რესტორნის არსებობას. დღეს ბერლინში, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ბუდაპეშტსა და სხვა დიდ ქალაქებში ათობით ქართულ რესტორანს აღმოაჩენთ, რომლებიც სამზარეულოსთან ერთად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი გიდი და სავიზიტო ბარათიც არის, რადგან მას უცხოეთში შედარებით გვიან უწევს თავის დამკვიდრება.
ბერლინის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, ულანშტრასეზე, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამზარეულოს შეხვდებით, სულ ახლახან ბინა დაიდო ახალმა ქართულმა რესტორანმა „საფერავმა”. მისი დამაარსებელი და მფლობელი გახლავთ ვალერიან მირზოევი – თბილისში, კერძოდ, სოლოლაკში დაბადებული და გაზრდილი კაცი, რომელიც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. აქ მან სარესტორნო ბიზნესში საკმაო გამოცდილება დააგროვა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ამ საქმის დამოუკიდებლად წარმოება. მან საუკეთესო მზარეულების მოწვევასთან ერთად ბევრი იფიქრა რესტორნის ინტერიერის გაფორმებაზეც. ვალერიან მირზოევმა დასახმარებლად მიმართა ბერლინში მცხოვრებ მხატვარ-დიზაინერ სოფო კაპანაძეს, რომელიც ყურადღებით გაეცნო ახალი რესტორნის კონცეფციას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამის, ცნობილი მხატვრის ზურაბ კაპანაძის ნამუშევრების იმიჯებით შეემკო მისი კედლები.
სოფო კაპანაძემ რამდენიმე თვე იმუშავა ამ პროექტზე და მართლაც შესანიშნავ შედეგს მიაღწია. რესტორან „საფერავში” მისული ადამიანი ავთენტიკურ ქართულ სამზარეულოსთან ერთად ეცნობა ქართული ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლის ზურაბ კაპანაძის მომნუსხველ შემოქმედებას. ის, რაც აქამდე წიგნების ილუსტრაციების სახით არსებობდა, სოფო კაპანაძემ მათ სულ სხვა ფუნქცია დააკისრა და ისინი კედლის მხატვრობის მონუმენტურ არტეფაქტებად აქცია. დაუჯერებელია, რომ მომცრო ზომის წიგნის ილუსტრაციები გადიდებულ მასშტაბში კიდევ უფრო მიმზიდველი და საზეიმო აღმოაჩნდა. ერთი უნებლიე დამთხვევაც მოხდა იმ მხრივაც, რომ წლეულს ზურაბ კაპანაძეს 100 წელი უსრულდება!
ბერლინის რესტორნის ინტერიერი: ფარ-ხმლით აღჭურვილი მხედრების, ასევე ფრინველთა და ცხოველთა ფიგურებით დამშვენებული კედლები მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მომსვლელზე. გემრიელი კერძებისა და ღვინის დასაგემოვნებელ ადგილთან ერთად იგი ამიერიდან ქართული სულიერების და კულტურის გაცნობის გამორჩეულ სივრცესაც წარმოადგენს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები