გაგრაში რუს ინვესტორს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ობიექტს გადასცემენ

გაგრის კლიმატური სადგურის დამაარსებლის, რუსეთის პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის სასახლის რუსი ინვესტორისთვის იჯარით გადაცემაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ე.წ. დეპარტამენტის უფროსმა, გარიკ სანგულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, სადგურის სავალდებულო რესტავრაციის შესახებ მიდის საუბარი.

„ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესრულდება, არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება. ამ დროისთვის შეთანხმებულია პირველადი დოკუმენტაცია, რომელიც რუსმა ინვესტორებმა უნდა განიხილონ”, – თქვა მან.

აფხაზური მხარის კიდევ ერთი პირობაა ოლდენბურგის პრინცის სასახლის კედლებში ისტორიული მუზეუმის გახსნა ექსკურსიების ჩატარების შესაძლებლობით.

სანგულიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ პოტენციური ინვესტორი არ დაეთანხმება აფხაზური მხარის ყველა პირობას, ხელშეკრულება არ გაფორმდება.

ოლდენბურგის პრინცმა ალექსანდრემ გაგრის კლიმატური სადგური 1903 წელს დააარსა. სასახლე შეიქმნა არქიტექტორ გრიგორი ლიუცედარსკის დიზაინით, რომელიც პეტერბურგის არტ ნუვოს ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
შენობა მოდერნის სტილშია აშენებული. 1903 წელს დასრულდა სასახლის დასავლეთი ნაწილი, ხოლო 1904 წელს აღმოსავლეთი ნაწილი აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები