საქართველოს დამსახურებული მხატვრის – გურამ (ხიტა) ქუთათელაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გურამ ქუთათელაძის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის უდიდეს დამსახურებას.
გურამ ქუთათელაძე დაიბადა 1924 წელს ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის, აპოლონ ქუთათელაძის, ოჯახში. იგი მეოცე საუკუნის 50-60-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. მხატვრის მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მთავარი თემაა პეიზაჟი. მან პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია ჩამოაყალიბა და ამ ჟანრს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. მხატვარი ქმნიდა ფერწერულ ვარიაციებს წელიწადის სხვადასხვა დროზე. მის მიერ შექმნილ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სერიებში წუთიერი შთაბეჭდილება მარადიულ აღქმად და ფერწერულ ხატად არის ქცეული.
სიცოცხლის ბოლო წლებში გურამ ქუთათელაძემ შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფერწერული სერია თემაზე „ფიროსმანი“ (1977-1978). 60-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საკავშირო, ისე – საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა პერსონალური გამოფენა არ ჰქონია და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაიმართა „მხატვრის სახლში“ მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა.
2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და „ბაია გალერეის“ ორგანიზებით, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის შემოქმედების ახალგაზრდა თაობებისთვის უკეთ გასაცნობად და მხატვრის სახელის უკვდავსაყოფად, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა „ლანდშაფტის მაგია“ და გამოიცა მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი კატალოგი – „გურამ (ხიტა) ქუთათელაძე – ლანდშაფტის მაგია“.
დიდია გურამ ქუთათელაძის ღვაწლი მომავალი თაობის მხატვართა აღზრდის საქმეში. ის 1965 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი იყო, 1974 წლიდან – ამავე სასწავლებლის პროფესორი.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს საპატრიარქოს კოლექციაში, „ლუდვიგის“ მუზეუმში (გერმანია) და სხვ., ასევე – კერძო კოლექციებში (კ. გლეიზერის კოლექცია, ბობ და მერიონ როტშილდების კოლექცია).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები