ხელოვნების მუზეუმმა შალვა ამირანაშვილის დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუზეუმელთა ალიანსის ინიციატივით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა ორი დღის განმავლობაში დიდი ქართველი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის – შალვა ამირანაშვილის – დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათუვე ცნობით, ხაზგასასმელია, რომ 26-27 მარტს გამართული ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მიერ სრულად რეაბილიტირებული ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

„შალვა ამირანაშვილის დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა, შალვა ამირანაშვილის ოჯახის წევრებმა, მუზეუმელთა ალიანსისა და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შალვა ამირანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ასევე, დიდი მეცნიერის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის შესასვლელში შალვა ამირანაშვილის ბიუსტი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა და შალვა ამირანაშვილის შვილმა ჯუანშერ ამირანაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

ბიუსტი, რომელიც ბრინჯაოშია ჩამოსხმული, მოქანდაკე ოთარ ფარულავას მიერ შექმნილი პორტრეტის მიხედვით დამზადდა. იგი არქიტექტორებმა ვახტანგ დავითაიამ და თენგიზ გოგოლაშვილმა დააპროექტეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ისტორიკოსი და მეცნიერი როინ მეტრეველი, შალვა ამირანაშვილის ოჯახის წევრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა, ხელოვნების მუზეუმის ფონდების ხელმძღვანელებმა და მუზეუმის თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატური მოხსენებები წარადგინეს.

შალვა ამირანაშვილის ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შალვა ამირანაშვილის შვილის, გულბად ამირანაშვილის, მამაზე დაწერილი წიგნი და ბროშურა – „საქართველოში დაბრუნებული საგანძური“, – გამოიცა.

მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მუზეუმის ფონდებში არსებული მნიშვნელოვანი ექსპონატების შესახებ სრული კატალოგი წლის ბოლომდე გამოიცემა (დაიბეჭდება 500 ეგზემპლარი).

შალვა ამირანაშვილი იყო საქართველოში თანამედროვე სამუზეუმო საქმის ორგანიზატორი. სახელოვანი მეცნიერი იკვლევდა ქართულ, ბიზანტიურ, აღმოსავლურ, რუსულ ხელოვნებას და არ იყო მხოლოდ რომელიმე ერთი დარგის მკვლევარი. მისთვის ერთნაირად აქტუალური იყო ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობის, არქიტექტურის, ქვაზე კვეთილი პლასტიკური ხელოვნების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმების, ახალი და თანამედროვე ფერწერის კვლევა. მისი ინტერესი მრავალსაუკუნოვან ქართულ არქიტექტურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას მოიცავდა. სწორედ ამ დიდი შრომის შედეგია 1944 წელს გამოცემული „ქართული ხელოვნების ისტორია“, რომელიც შემდეგ კიდევ არაერთხელ გამოიცა ქართულ და სხვა ენებზე. მკითხველმა ამ ნაშრომს ქართული ხელოვნების პასპორტიც კი უწოდა. დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის ქცეული მისი მონოგრაფიები: „ქართული მინანქარი”, „ბექა ოპიზარი“, „უბისი“, „ხახულის კარედი“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“.

შალვა ამირანაშვილმა შექმნა და თვითონვე ხელმძღვანელობდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი დასახლების, კლდეში ნაკვეთი ქალაქის, უფლისციხის, არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა ქართლში საქალაქო ცხოვრების დიდ ისტორიულ მონაკვეთს – ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, არაბთა შემოსევამდე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შალვა ამირანაშვილის ღვაწლი საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულისა და მათი უკან დაბრუნების საქმეში. ენათმეცნიერ იური მართან ერთად მან შეადგინა რუსეთში (მოსკოვი, ლენინგრადი) დაცული ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და ხელოვნების ნიმუშების სია და მისი ძალისხმევით დღეს ეს განძი საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდშია დაცული. შალვა ამირანაშვილის მონდომებითა და შეუპოვრობით საქართველოს დაუბრუნდა პრასკოვია უვაროვას მიერ საფარის მიძინების ეკლესიიდან გატანილი XI საუკუნის დასაწყისის კანკელის ფილები.

უაღრესად საყურადღებოა საქართველოდან (გელათიდან, მარტვილიდან, ჯუმათიდან) სხვადასხვა დროს მოტყუებით თუ მიტაცებით გატანილი ტიხრული მინანქრის ნიმუშების ბრწყინვალე კოლექციის ბედი. ეს ნიმუშები ჯერ მ. ბოტკინის კოლექციის ნაწილი იყო, შემდეგ კი საკავშირო სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. 1923-1924 წლებში შალვა ამირანაშვილის დიდი ძალისხმევით კოლექცია საქართველოს დაუბრუნდა.

ყველასთვის ცნობილია 1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილი და თითქმის 25 წლის შემდეგ, 1945 წლის 12 აპრილს, შალვა ამირანაშვილის მიერ უკან დაბრუნებული სამუზეუმო განძი. ამ თემას შალვა ამირანაშვილმა 1968 წელს მიუძღვნა წიგნი – „საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება“.

დიდი მეცნიერის უპირველესი საზრუნავი ხელოვნების მუზეუმი და საქართველოში სამუზეუმო საქმიანობა იყო. 1930-იანი წლების შემდეგ არცერთი სამუზეუმო ინსტრუქცია თუ კანონი მისი მკაცრი შემოწმებისა და სათანადო შესწორების გარეშე არ შექმნილა. ხელოვნების მუზეუმში არცერთი მუდმივი თუ დროებითი გამოფენა არ გამართულა მისი მონაწილეობის გარეშე, შალვა ამირანაშვილის გარდაცვალების შემდეგ კი სამუზეუმო საქმე მისმა აღზრდილმა მუზეუმელთა თაობამ გააგრძელა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დღესაც მისი პრინციპის ერთგულია: მდიდარმა ექსპოზიციამ დამთვალიერებელს ნათლად უნდა აჩვენოს, როგორ იქმნებოდა, ყალიბდებოდა და ვითარდებოდა საქართველოში დიდი კულტურა. ექსპონატები შერჩეულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტი სურათის წარმოსაჩენად.

შალვა ამირანაშვილი 1932-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975 წლებში – ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები