თანამედროვე სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის – შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 125 წელი შესრულდა

სახელოვანი მეცნიერის, თანამედროვე სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, შალვა ამირანაშვილის, დაბადებიდან 125 წელი შესრულდა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, შალვა ამირანაშვილი იყო საქართველოში თანამედროვე სამუზეუმო საქმის ორგანიზატორი. სახელოვანი მეცნიერი იკვლევდა ქართულ, ბიზანტიურ, აღმოსავლურ, რუსულ ხელოვნებას და არ იყო მხოლოდ რომელიმე ერთი დარგის მკვლევარი. მისთვის ერთნაირად აქტუალური იყო ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობის, არქიტექტურის, ქვაზე კვეთილი პლასტიკური ხელოვნების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმების, ახალი და თანამედროვე ფერწერის კვლევა. მისი ინტერესი მრავალსაუკუნოვან ქართულ არქიტექტურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას მოიცავდა. სწორედ ამ დიდი შრომის შედეგია 1944 წელს გამოცემული „ქართული ხელოვნების ისტორია“, რომელიც შემდეგ კიდევ არაერთხელ გამოიცა ქართულ და სხვა ენებზე. მკითხველმა ამ ნაშრომს ქართული ხელოვნების პასპორტიც კი უწოდა. დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის ქცეული მისი მონოგრაფიები: „ქართული მინანქარი“, „ბექა ოპიზარი“, „უბისი“, „ხახულის კარედი“, „ნიკო ფიროსმანაშვილი“.
შალვა ამირანაშვილმა შექმნა და თვითონვე ხელმძღვანელობდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი დასახლების, კლდეში ნაკვეთი ქალაქის, უფლისციხის, არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა ქართლში საქალაქო ცხოვრების დიდ ისტორიულ მონაკვეთს – ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, არაბთა შემოსევამდე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შალვა ამირანაშვილის ღვაწლი საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულისა და მათი უკან დაბრუნების საქმეში. ენათმეცნიერ იური მართან ერთად მან შეადგინა რუსეთში (მოსკოვი, ლენინგრადი) დაცული ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და ხელოვნების ნიმუშების სია და მისი ძალისხმევით დღეს ეს განძი საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდშია დაცული. შალვა ამირანაშვილის მონდომებითა და შეუპოვრობით საქართველოს დაუბრუნდა პრასკოვია უვაროვას მიერ საფარის მიძინების ეკლესიიდან გატანილი XI საუკუნის დასაწყისის კანკელის ფილები.
უაღრესად საყურადღებოა საქართველოდან (გელათიდან, მარტვილიდან, ჯუმათიდან) სხვადასხვა დროს მოტყუებით თუ მიტაცებით გატანილი ტიხრული მინანქრის ნიმუშების ბრწყინვალე კოლექციის ბედი. ეს ნიმუშები ჯერ მ. ბოტკინის კოლექციის ნაწილი იყო, შემდეგ კი საკავშირო სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. 1923-1924 წლებში შალვა ამირანაშვილის დიდი ძალისხმევით კოლექცია საქართველოს დაუბრუნდა.
ყველასთვის ცნობილია, 1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილი და თითქმის 25-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 1945 წლის 12 აპრილს, უკან დაბრუნებული სამუზეუმო განძის ისტორია. ამ თემას შალვა ამირანაშვილმა 1968 წელს მიუძღვნა წიგნი – „საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება“.
დიდი მეცნიერის უპირველესი საზრუნავი ხელოვნების მუზეუმი და საქართველოში სამუზეუმო საქმიანობა იყო. 1930-იანი წლების შემდეგ არცერთი სამუზეუმო ინსტრუქცია თუ კანონი მისი მკაცრი შემოწმებისა და სათანადო შესწორების გარეშე არ შექმნილა. ხელოვნების მუზეუმში არცერთი მუდმივი თუ დროებითი გამოფენა არ გამართულა მისი მონაწილეობის გარეშე, შალვა ამირანაშვილის გარდაცვალების შემდეგ კი სამუზეუმო საქმე მისმა აღზრდილმა მუზეუმელთა თაობამ გააგრძელა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დღესაც მისი პრინციპის ერთგულია: მდიდარმა ექსპოზიციამ დამთვალიერებელს ნათლად უნდა აჩვენოს, როგორ იქმნებოდა, ყალიბდებოდა და ვითარდებოდა საქართველოში დიდი კულტურა. ექსპონატები შერჩეულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტი სურათის წარმოსაჩენად.
შალვა ამირანაშვილი 1932-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975 წლებში – ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განახლებული კორპუსის წინ გაიხსნა ოთარ ფარულავას პორტრეტის მიხედვით ბრინჯაოში ჩამოსხმული ბიუსტი. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატური მოხსენება. გამოიცა შალვა ამირანაშვილის შვილის, გულბად ამირანაშვილის, მამაზე დაწერილი წიგნი და ბროშურა – „საქართველოში დაბრუნებული საგანძური“. ასევე, დაგეგმილია ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული მნიშვნელოვანი ექსპონატების კატალოგის გამოცემა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი პატივს მიაგებს დიდი მეცნიერის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები