„დაუშვებელია წინსვლის საშუალება არ ეძლეოდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია“
დაუშვებელია საქართველოში კვდებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის” პრეზენტაციაზე განაცხადა. მისვე თქმით, მთავრობამ გადახედა ათასწლეულის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, რათა გაერკვიათ, რომელი მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ანგარიში მნიშვნელოვანი საბაზისო დოკუმენტია, რომელიც ასახავს საქართველოს პროგრესს სიღარიბის დაძლევის, განათლების სისტემის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაზრდის, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, აივ-ინფექციის და სხვა დაავადებებთან ბრძოლისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებებით.
“ჩვენთვის დაუშვებელია, დღეს საქართველოში კვდებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე; იღუპებოდეს ჩვილი, რადგან მისი სრულფასოვანი კვება ვერ ხერხდება; წინსვლის საშუალება არ ეძლეოდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ათასწლეულის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, რათა გაგვერკვია, რომელი მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა.
მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია, ხოლო სკოლამდელი განათლება უკვე ბავშვების 46%-ისთვის არის ხელმისაწვდომი, მაშინ როდესაც 2003 წელს ეს მაჩვენებელი 26%-ს შეადგენდა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც დაზღვევის არმქონე ყველა საქართველოს მოქალაქე უზრუნველყო სამედიცინო მომსახურებით. ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის დახვეწის მიმართულებით, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების ასახვისა და სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობის ზრდის მიზნით. პრაქტიკულად დამარცხებულია მალარია, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირებულია ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებით ავადობა; განახევრებულია დედათა სიკვდილიანობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის განვითარების ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი საფუძველია ასევე, განათლება.
“სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების საფუძველზე სკოლამდელი აღზრდა უფასო გახდა, ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებით თითქმის 60%-მდე შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯები ზოგად განათლებაზე. ეტაპობრივად იხსნება ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რათა გაიზარდოს პროფესიული განათლების გეოგრაფიული არეალი და, შესაბამისად, ამ განათლებისადმი მისაწვდომობა. ჩვენი უშუალო ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო განათლების ცენტრი ემსახურება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც საჯარო სექტორში დასაქმდებიან და საკუთარ წვლილს შეიტანენ საჯარო მმართველობაში
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებას: 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებითვე, ორსულობასთან, მშობიარობასა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა შვებულების დღეების რაოდენობა, მათ შორის ანაზღაურებული შვებულების დღეების რაოდენობა და თანხა.
“ამასთან, 2013 წელს პრემიერ-მინისტრის აპარატის შემადგენლობაში შევიყვანეთ მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, რაც არსებითად შეუწყობს ხელს გენდერულ და ქალების უფლებების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრას. ეკოლოგიური მდგრადობის განვითარების პრინციპების ინტეგრირება ქვეყნის პოლიტიკასა და პროგრამებში ათასწლეულის ეროვნულ მიზანს წარმოადგენდა. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით მზადდება “წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ემყარება წყლის რესურსების სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს და ითვალიწინებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების დოკუმენტზე. ექსპერტები შეაფასებენ გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებულ ვითარებას. გაანალიზდება, თუ რამდენად შესრულდა წინა შეფასების რეკომენდაციები, აგრეთვე მიღწეული პროგრესი და მომზადდება ახალი რეკომენდაციები ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. სამთავრობო პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევისა და მასში განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, მაკროეკონომიკური და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ინოვაციების მხარდაჭერის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, საკუთრების უფლების დაცვის და სხვა მიმართულებებით. აღნიშნული შეფასდა და სათანადო ასახვა პოვა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევაში. მაგალითად, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის კატეგორიაში.
2014 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო შედეგი ჰქონდა – Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა რეზისტენტულობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. საქართველომ 2014 წელსაც შეინარჩუნა “ძირითადად თავისუფალი” ქვეყნის ინდექსი. კორუფციის აღმოფხვრასა და ფისკალური სტაბილურობის აღდგენაზე მიმართულმა გეგმაზომიერმა მუშაობამ სათანადო შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვნად გაადვილდა იურიდიულ დოკუმენტებზე წვდომა, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.