მოსამართლემ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.
პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც ბრალდებულებს თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეეშალათ. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ნაწილმა მათგანმა სიტყვითაც ისარგებლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.