„ჰორიზონტი“ – გიორგი ხალვაშის ფოტოგამოფენა გაიხსნა
11 იანვარს, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გიორგი ხალვაშის ფოტონამუშევრების გამოფენა – „ჰორიზონტი“ გაიხსნა.
მუზეუმის ინფორმაციით, გიორგი ხალვაში დაიბადა 1957 წლის 16 დეკემბერს ქობულეთში. წარმატებით დაამთავრა მოსკოვის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გიორგი ხალვაში იყო მოსკოვის ქართული სათვისტომოს საბჭოს აქტიური წევრი. აგრეთვე, წმ.ნინოს და წმ. გიორგის სახელობის მართლმადიდებლური საძმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრის „მზიურის“ საგამოფენო არტსალონ „მუზას“ ერთ-ერთი დამაარსებელი.
ამ სალონში იმართებოდა ქართველ მხატვართა გამოფენები, კამერული და ფოლკლორული კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, აგრეთვე, ქართველ ემიგრანტთა შეხვედრები ხელოვნების, კულტურისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
2015 წელს გიორგი ხალვაში დაბრუნდა საქართველოში. ის განაგრძობს შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გატაცებულია ფოტოგრაფიით. 2024 წელს მას ჰქონდა პირველი ფოტოგამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. დღეს გიორგი ხალვაშს, მეორე პერსონალური გამოფენით, შალვა ძნელაძის მუზეუმი მასპინძლობს.
გიორგი ხალვაში აგრეთვე ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებებს, წერს ლექსებს, კითხულობს ლექციებს, რითაც აქტიურად უზიარებს ახალგაზრდებს საკუთარ შემოქმედებით, კულტურულ თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
საგამოფენო დღეებია: 11-16 იანვარი, 14.00-19.00 სთ.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.