გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
26 მარტს მწერალთა სახლში გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს პირველ ნაწილში ნაჩვენები იქნება მწერლის უკვდავი მოთხრობის მიხედვით შექმნილი ტელესპექტაკლი − „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი გაიხსენებს ტელესპექტაკლზე მუშაობის ისტორიებს, უპასუხებს სტუმრების შეკითხვებს.
„ზურაბ კანდელაკის ნაამბობიდან, დამსწრე საზოგადოებასა და რეჟისორს შორის დიალოგის გზით, მწერალთა სახლი შეეცდება გააცოცხლოს თვალსაჩინო მწერლის პიროვნება და მისი განუმეორებელი შემოქმედება, რომელიც ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია ყველა თაობის მკითხველისათვის.
საღამოს მეორე ნაწილი მიეძღვნება გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების საჯარო კითხვას: სტუმრებს ვთხოვთ, წაიკითხონ თავიანთი საყვარელი ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან.
საღამოს დასასრულს გაიმართება ვიქტორინა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების ირგვლივ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მწერალთა სახლის მიერ დაწესებული პრიზებით/წიგნებით“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.