ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება
ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გრძელდება.
გამოფენის გახსნის დღეს ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ივანე მაჩაბლის წიგნის – „მიმოწერა, დღიურები“ წარდგენაც გაიმართა.
„თეა თვალავაძის მიერ შედგენილ კრებულში შესული დოკუმენტაციის დიდი ნაწილი გამოქვეყნდა პირველად. წიგნში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული ივანე მაჩაბლის 100 წერილზე მეტი და მასთან გაგზავნილი 150-მდე წერილი, მათ შორის აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იონა მეუნარგიას, არტურ ლაისტისა და ოლივერ უორდროპის წერილები. წიგნში შევიდა ივანე მაჩაბლის ორი დღიური და უბის წიგნაკის ჩანაწერებიც.
გამოფენაზე იხილავთ მწერლის ბიოგრაფიის, მოღვაწეობისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოებს, პირად მიმოწერას, თარგმანებს, პუბლიცისტურ წერილებს, მემორიალურ ნივთებს, უნიკალურ გამოცემებს ავტორის მინაწერებით, სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ პორტრეტებსა და კარიკატურებს.
გამოფენა გაგრძელდება 17 აპრილამდე“, – ნათქვამია ლიტერატურის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: გიორგი ჭანტურიას N8.