კულტურის სამინისტრო ანანო სამსონაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო ანანო სამსონაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ანანო სამსონაძე იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის დარგობრივი სექციის თავმჯდომარე, 2022 წლიდან კი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
იგი არის სახელმძღვანელოს – „ქორეოლოგიის საფუძვლების“ – ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. მისი რედაქტირებით გამოცემულია არაერთი თემატური წიგნი და სტატია. ასევე, არის რამდენიმე კრებულის შემდგენელი და რედაქტორი. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია – „ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლის ძირითადი მიმართულებები (ქორეოლოგიის საფუძვლები)“.
ანანო სამსონაძე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით. 2013 წელს დააფუძნა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. იგი იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი და პრიზიორი. ჰქონდა მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილება სადადგმო ქორეოგრაფიაში, კერძოდ, იყო 60-ამდე სპექტაკლის ქორეოგრაფი. მათგან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები: „ოთარაანთ ქვრივი“ (რეჟ. მ. შენგელია, 2007 წ.), „ღია გაკვეთილი“ (რეჟ. ლ. ქობლიანიძე, 2008 წ.), „ნიშნობა“ (რეჟ. გ. თავაძე, 2008 წ.), „ჭირვეული პრინცესა“ (რეჟ. თ. თუხარელი, 2008 წ.), „მოჩვენებანი“ (რეჟ. მ. შენგელია, 2008 წ.), „ნაცარქექია“ (რეჟ. დ.ხვთისიაშვილი 2013), „სიმარტოვე“ (რეჟ. დ.ხვთისიაშვილი 2019) და სხვა.
2013 წელს დააარსა ყოველწლიური სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
2015 წლიდან ანანო სამსონაძე იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომისიის წევრი. მისი ინიციატივით ცეკვა „ქართულს“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, იყო საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია ICTM-ის ეთნოქორეოლოგიის ჯგუფის წევრი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ანანო სამსონაძის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.