როგორია ჰაერის ხარისხი საქართველოში და რომელი დამაბინძურებლები წარმოადგენს გამოწვევას – „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ განმარტება
” შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბებაა, განსაკუთრებით, დედაქალაქში ასეთი ბევრი ლოკაცია გვაქვს”, – ამის შესახებ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა არაბიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც არაბიძემ აღნიშნა, რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება.
“მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რომელი დამაბინძურებელი არის მუდმივად ნორმის ფარგლებში და რომელი შეიძლება, გამოწვევას წარმოადგენდეს.
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი ყოველთვის თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება, ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო ატმოსფერულ ჰაერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბებაა, განსაკუთრებით, დედაქალაქში ასეთი ბევრი ლოკაცია გვაქვს. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების ბოლოსთვის, ამ კუთხით მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელია, ყოველ შემთხვევაში, მატება არ ფიქსირდება.
ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენს სადგურებზე განთავსებული გვაქვს სინჯის ამღებები, რომლებიც ჰაერში მძიმე ლითონების და ბენზაპირინის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. სინჯების აღება ფილტრებზე ხდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სადაც მონიტორინგი მიმდინარეობს, მძიმე მეტალების და ბენზაპირინის შემცველობა ნორმას არსად აღემატება.
რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას უბნების მიხედვით: ზოგადად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ესაა რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, ანუ ისეთი ქუჩები ( სადღაც 13 ლოკაციამდეა), სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. ყველა ეს ინფორმაცია air.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი”, – განაცხადა არაბიძემ.