გეოგრაფიული აღნიშვნა „ქუთაისის მწვანილი“ – “საქპატენტი” ინფორმაციას ავრცელებს

მწვანილის მაღალი ხარისხისთვის გამორჩეულად საჭიროა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. „ქუთაისის მწვანილის“ მიკროზონა იდეალურად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და იქ მოყვანილი მწვანილი მართლაც განსაკუთრებულია. იმერეთის რაიონებში მწვანილის მწარმოებელს შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე აიღოს მოსავალი. თუ სხვადასხვა სეზონებზე მოყვანილი ამ პროდუქტის გემოს დავაკვირდებით, უნიკალური არომატით საუკეთესო იქნება შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდის მოსავალი, როდესაც აღმოსავლეთის ქარი ბუნებრივ ვენტილაციას ახდენს და გრუნტის წყლების სიახლოვე ნიადაგის ტემპერატურას განაპირობებს. ასევე, სწორედ შენახვის პირობებში, შემოდგომა-გაზაფხულის მწვანილი შეიძლება 1 თვის განმავლობაშიც კი არ გაფუჭდეს. განსაკუთრებული გემოთი, არომატითა და სურნელით გამოირჩევა შემდეგი დასახელების მწვანილი:

ცერეცო – ერთწლიანი მცენარე, რომლის მწვანე ფოთლებს იყენებენ არომატულ საკმაზად და გამოიყენება მწვანილადაც. ცერეცო ითვლება მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულად.
ოხრახუში – ორწლიანი ბალახი, რომელსაც სამი სახეობა აქვს. ოხრახუშის იდეალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და თუ ამას დაემთხვა ნიადაგში ტენის ნაკლებობა, ოხრახუშს ემატება ზეთის შემცველობა და მდიდრდება მისი არომატი.
ქინძი – ერთწლიანი მცენარე, რომლის ფოთლებს უმწიფარ მდგომარეობაში გამოარჩევთ სპეციფიკური არომატით. ქინძი გამოიყენება საჭმლის საკმაზ სურნელოვან ბოსტნეულად, და, იშვიათ შემთხვევაში, სუფრაზე, მწვანილად მისართმევად და სამკურნალოდაც.
ნიახური – ორწლიანი მცენარეა, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის, A, B, PP, C, K ვიტამინებით და გამოირჩევა რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, ფოლიუმის მჟავის, ნატრიუმისა და მანგანუმის შემცველობით. ნიახური საჭმელად მოიხმარება ნედლად ან მოხარშული სახით. საქართველოში, უმეტესად, გავრცელებულია მისი ფოთლოვანი ჯიშები.

იმერეთის რეგიონში მოყვანილი მწვანილი, რომელიც იწარმოება როგორც ღია გრუნტზე, ისე სასათბურე პირობებში, სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მოთხოვნით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქუთაისის მწვანილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 1 აპრილს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები