ვახტანგ გომელაური: ქვეყანაში მანქანების რაოდენობამ ძალიან მოიმატა და აქედან გამომდინარე ხდება საცობებიც და ავარიებიც იმატებს – დღეს რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, 2011 წელთან შედარებით, თითქმის მილიონით არის გაზრდილი
საქართველოში 2011 წელს 785 000 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეის მდგომარეობით კი რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი – თითქმის მილიონითაა გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში ასევე გაზრდილია მოტოტექნიკის რეგისტრაციაც.
„გაზრდილია ასევე მოტოტექნიკის რაოდენობა, რომელითაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც ხშირია შემთხვევები, რომელიც გარდაცვალებით მთავრდება. 2011 წელში იყო 3100 დღეს კი საქართველოში დარეგისტრირებულია 33 552 მოტოტექნიკა. მანქანების რაოდენობა მილიონით და მოტოტექნიკა თითქმის 30 000 არის გაზრდილი. როდესაც ვამბობთ რატომ არის საცობები, საცობები იქნება, ხან მერიას ვაბრალებთ, ხან ბატონ კალაძეს და ა.შ თუმცა რეალურად ეს არის, რომ მანქანების რაოდენობამ ძალიან მოიმატა ქვეყანაში და აქედან გამომდინარეა ეს საცობები, ავარიებიც იმატებს, როდესაც უფრო მეტი მანქანაა. თქვენ ახსენეთ, რატომ დავაყენეთ კამერები , რატო ვაკონტროლებთ სიჩქარეს და ა.შ. – ეს თუ არ გავაკეთეთ დარწმუნებული ვარ ორმაგი და სამმაგი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევები. თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ვფიქრობ გამკაცრებული უნდა იყოს და მხარს ვუჭერ, ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.