ე.წ.სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილებოდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციას მოსკოვში, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შემადგენლობაში ე.წ. რესპუბლიკის შესვლის საკითხი არ განუხილავს.

ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, “სახალხო პარტიის” წარმომადგენელმა, ალექსანდრე პლიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში, სპიკერ ალან ალბოროვთან ერთად, არჩევნებზე “საერთაშორისო დამკვირვებლების სახით იმყოფებოდა”.

“პირადად ვიყავი იქ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. “რია ნოვოსტის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ამ შეხვედრაზე ხუთი რუსი სენატორი იყო, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩოვი და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გრიგორი კარასინი. ეს ამბავი შეხვედრის დასრულების შემდეგ შევიტყვეთ და გაკვირვებულები არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, ჩვენი რუსი კოლეგებიც იყვნენ”, – თქვა მან.

პლიევის თქმით, შეხვედრაზე „შემადგენლობაში შესვლაზე არცერთი სიტყვა არ თქმულა, საკითხი არც წამოჭრილა”.

“რია ნოვოსტიმ” შესაბამისი ინფორმაცია 17 მარტს გაავრცელა.

სააგენტოს ჟურნალისტმა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან ალბოროვს “რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობასთან” დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ “რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით განვიხილავთ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები