“მოვუყევი პუტინს, რა ზეწოლაა გაგაუზებზე და გვსურს, რომ მივიღოთ დაცვა, რათა გაგაუზებს კარგი ცხოვრების უფლება ჰქონდეთ” – ევგენია გუცული
გაგაუზიის ხელმძღვანელი (ბაშკანი), ევგენია გუცული აცხადებს, რომ თუ მოლდოვის ხელისუფლება “გაგაუზიის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ მიღებული კანონის მკაცრად დაცვას დაიწყებს, ცენტრსა და ავტონომიას შორის ყველა წინააღმდეგობის 99% დასრულდება”.
ამის შესახებ მან “იზვესტია”-სთან საუბარში თქვა.
ამავე დროს, გუცული ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს მოახსენა, თუ რა ზეწოლაა გაგაუზიაზე და რომ სურს – იყოს დაცული, რათა “ხალხს კარგი ცხოვრების უფლება მიეცეს”.
“როცა ვლადიმირ პუტინს შევხვდი, მოკლედ მოვუყევი, რა ზეწოლაა გაგაუზებზე. და, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ მივიღოთ დაცვა, რათა გაგაუზიის მაცხოვრებლებს ჰქონდეთ კარგი, აყვავებული ცხოვრების უფლება, რათა ჩვენმა ფერმერებმა თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთის ფედერაციაში ჩაიტანონ, რათა მივიღოთ გაზი ამჟამინდელზე დაბალ ფასად. იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება საბოლოოდ მოეგება გონს და თუ არა, გვაქვს შესაძლებლობა, რამდენიმე თვეში ავირჩიოთ ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც, პირველ ყოვლისა, იმუშავებს მოლდოვის რესპუბლიკის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე და არ დააპირისპირებს გაგაუზებს და მოლდოველებს. სამწუხაროდ, ახლა ამას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში, ვიმეგობროთ ჩვენს მოლდოველ ძმებთან”,- თქვა გუცულმა.