“რეგიონალიზაციის პოლიტიკას ვიცავთ, მნიშვნელოვანია საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა რჩება რეგიონალიზაციის პოლიტიკის ერთგული, ხოლო მეზობელ საქართველოსა და ირანთან  ურთიერთობას უაღრესად მნიშვნელოვნად და განსაკუთრებულად მიიჩნევს.

მისივე თქმით, სომხეთის ნებისმიერი თანამშრომლობა არ შეიძლება, მისი რეგიონის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ამის შესახებ მან ერევანში  ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სომხეთი აგრძელებს რეგიონალიზაციის პოლიტიკის დაცვას. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან; ჩვენი ნებისმიერი თანამშრომლობა არ შეიძლება, იყოს მიმართული ჩვენივე რეგიონის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს მიესალმა და თქვა, რომ სომხეთი დაინტერესებულია არსებული დიალოგის განვითარებით.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ არსებული პოლიტიკური დიალოგის განვითარებით და პარტნიორობის გაფართოებით როგორც ბლოკთან, ასევე, ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის ახალი ფორმატი – „ინდივიდუალურად ადაპტირებული პარტნიორობის“ პროგრამა,  უახლოეს მომავალში დამტკიცდება. ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, სომხეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და შესაბამისი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები