ფინანსთა სამინისტრო ჯარიმების ლიბერალიზაციას და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას გეგმავს

„რამდენიმე მიმართულებით ვაპირებთ ჯარიმების ლიბერალიზაციას და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ კონკრეტული საქმეები განიხილა, ხოლო თუ რომელიმე ბიზნესმენი ან მეწარმე უსამართლოდ დაიჩაგრა, ცდილობენ, პრობლემა აღმოფხვრან.
„რამდენიმე მიმართულებით ვაპირებთ ჯარიმების ლიბერალიზაციას და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, მათ შორისაა, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. მთლიანობაში, სახელმწიფოს მიმართ ბიზნესს 4 მილიარდი ვალი აქვს, მაგრამ ამ 4 მილიარდში საბჭოთა კოლმეურნეობებისა და ისეთი ორგანიზაციების ვალია, რომელიც ბუნებაში აღარ არსებობს, ამიტომ ეს ბაზა აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ოპონენტს, რომ ამ ცვლილებით ბიზნესს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ.
ჩვენ ვცდილობთ ყოველი კონკრეტული საქმე ცალე შევისწავლოთ, რადგან არიან ბიზნესმენები, რომლებსაც წინა ხელისუფლება უსამართლოდ მოექცა. მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1000 კონკრეტული საქმე განიხილა და თუ რომელიმე ბიზნესმენი ან მეწარმე უსამართლოდ დაიჩაგრა, ვცდილობთ, პრობლემა აღმოვფხვრათ. შესაბამისად, არავის დაჩაგვრას და არათანაბარ პირობებში ჩაყენებას არ ვაპირებთ. მოვედით თუ არა ხელისუფლებაში, საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის შემცირება დავიწყეთ და 6 წლის ნაცვლად, მომავალი წლიდან ხანდაზმულობა 5 წელი იქნება, შემდეგ 4 და ბოლოს 3 წელი. გარდა ამისა, საწარმოებს ან კომპანიებს, რომლებსაც დიდი საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ, ამ ცვლილებით, საშუალებას ვაძლევთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ საქმიანობა. ჩვენთვის მთავარია, ბიზნესმა იმუშაოს და ამისთვის ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ სახელმწიფოსთან პირნათელი იყოს,“ – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები