„შემოგვაქვს რეგულაცია, რომელიც საბანკო ინფორმაციის დაცულობას კიდევ უფრო განამტკიცებს“

შემოგვაქვს რეგულაცია, რომელიც საბანკო ინფორმაციის დაცულობას კიდევ უფრო განამტკიცებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, შემოსავლების სამსახური ითხოვს, სასამართლომ გარკვეული ფინანსური ანგარიშების შემოწმების უფლება მისცეს, ცვლილებით კი დაზუსტდება, რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს სასამართლოს შემოსავლების სამსახურმა.
„შემოსავლების სამსახური ითხოვს, რომ როდესაც დასჭირდება და ბიზნესმენი არ აძლევს ინფორმაციას, რათა ზუსტად დადგინდეს მისი კომპანიის ბრუნვა, მივიდეს სასამართლოში და ფინანსური ანგარიშების შემოწმების უფლება მისცეს სასამართლომ. შემოსავლების სამსახურს ახლაც აქვს უფლება, სასამართლოს შუამდგომლობით მოითხოვოს ამ ტიპის ინფორმაცია. სასამართლო ზოგჯერ ეთანხმება, ზოგჯერ არა. ამ ცვლილებით ზუსტდება, რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს სასამართლოს შემოსავლების სამსახურმა. ესე არ იქნება, რომ ეს დღეს მოუნდა შემოსავლების სამსახურის უფროსს ან ფინანსთა მინისტრს, გაიგოს ამა თუ იმ კომპანიის ბრუნვა. მოთხოვნას დასაბუთება დასჭირდება და სწორედ ეს იწერება კანონში. გარდა ამისა, საქართველო ჩართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აშშ-ს შესაბამის სამსახურებს შემოსავლების სამსახურმა უნდა მოაწოდოს ინფორმაცია ამერიკელი რეზიდენტების ქართულ ბანკებში არსებული ანგარიშების შესახებ, ისე რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვჭირდება. ქართველ რეზიდენტს იმავე ბანკში აქვს ანგარიში, მაგრამ მივმართავთ სასამართლოს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად გვჭირდება. რაც მთავარია, ამის შესახებ თვითონ გადამხდელმაც კარგად იცის, რადგან ამას ჩუმად არ ვაკეთებთ, მანამდე უშუალოდ ხომ მას ვთხოვეთ წარმოედგინა ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების შესახებ. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, შემოგვაქვს რეგულაცია, რომელიც საბანკო ინფორმაციის დაცულობას კიდევ უფრო განამტკიცებს და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული ინფორმაცია მოვიპოვოთ. ცვლილებით ისიც გარანტირებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ან საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცული იქნება, რომელსაც მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის გამოიყენებენ და არა სხვა მიზნებისთვის,“ – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები